საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილში, ამერიკელი კონგრესმენები აცხადებენ, რომ შეწუხებულები არიან იმ ფაქტით, რომ “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული პროკურორები თავიდან ხსნიან საგამოძიებო საქმეებს, რომლებიც მიმართულია პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ.
„ჩვენ შეწუხებული ვართ იმ ფაქტით, რომ “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული პროკურორები თავიდან ხსნიან საგამოძიებო საქმეებს, რომლებიც მიმართულია პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. მართალია, ზოგიერთ საქმესთან დაკავშირებით არის გამოძიების საფუძველი, თუმცა უმეტესობა გამიზნულია ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ახალი ამბების სააგენტოების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ. კანონის უზენაესობისა და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემის პატივისცემა ჯანსაღი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მოგიწოდებთ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ, რომელიც გარანტირებული იქნება თქვენი პარტიის მიერ“, – ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ის წერილი, რომელიც 4-მა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, მაიკლ მაკკოლმა და ელიოტ ენგელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას გამოუგზავნა.
წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა წერილის თაობაზე, გუშინ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა.