ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოვუწოდებთ ყველას ვკონცენტრირდეთ ეროვნულ ამოცანაზე – ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე” – “ევროპული საქართველო”

“ევროპული საქართველო” განცხადებას ავრცელებს, რითაც ოპოზიციის ცალკეული წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ღირებულებებით და სტრატეგიით განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ვალია, საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორება.

„2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ პირობის დადება ქართული საზოგადოების აქტიურობისა და სიმამაცის დამსახურებაა; მათ შორის, განსაკუთრებით მათი, ვინც პროტესტი გამოხატა და ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად სამოქალაქო საზოგადოების დიდი სიმტკიცე აჩვენა ხელისუფლებას.

დღეს პროპორციული არჩევნები მიღწეული არაა. ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია. ამ ვითარებაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ამ ჯერ არშესრულებული პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და არასწორია. ასევე შეცდომაა ამ არაკორექტულ განცხადებაზე რეაგირებისას, ოპოზიციის შემდგომი კოორდინაციისთვის რაიმე წინაპირობების დაყენება ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ბუნებრივია, რომ ამ კონტექსტში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვისაც მეტი პოლიტიკური წონა აქვთ. მოვუწოდებთ ყველას ვკონცენტრირდეთ ეროვნულ ამოცანაზე – ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე. შემდგომი კონკურენციის პირობებში პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული ფასეულობითი და სტრატეგიული სხვაობები საჯარო დისკუსიის ბუნებრივი და აუცილებელი ნაწილი იქნება”,-აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....