CNN-ზე, კრისტიან ამანპურთან გადაცემაში, აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნის მოადგილემ, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ეველინ ფარკასიმ, ვლადიმერ პუტინი ბიძინა ივანიშვილს შეადარა და განაცხადა რომ პუტინს მომავალში რუსეთის კულისებიდან მართვა სურს, ისევე, როგორც ამას საქართველოში ბიძინა ივანიშვილი აკეთებს.
“ჩემი პროგნოზით, ის [ვლადიმირ პუტინი] სცენის უკნიდან, კულისებიდან მართვით დაასრულებს. პირი, რომელიც მან დანიშნა ან ნათქვამია რომ შემდეგი პრემიერმინისტრი იქნება, საგადასახადო სისტემიდან არის, ტექნოკრატია, ის არ არის საფრთხის შემცველი. ის 53 წლის არის და არ ჩანს, რომ ამბიციები ჰქონდეს. ის არ მიიჩნევა საფრთხედ ვლადიმირ პუტინისთვის.
თუ პუტინი მოახერხებს, რომ მედვედევივით მორჩილი ადამიანი იპოვოს, ის აუცილებლად დასვამს მას პრეზიდენტად და კულისებიდან შეძლებს ლიდერების კონტროლს. ფაქტიურად, ჩვენ ამას ვხედავთ საქართველოში, იქ არის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი. ის პარტიის უკან კვლავ ძალაა. ეს შესაძლებელია ისეთ სისტემებში, სადაც ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია”, – თქვა ეველინ ფარკასიმ.