საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან 2020 წლის პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, სამომავლოდ აპირებს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დარჩეს პოლიტიკაში, თუ გუნდს ამის სურვილი ექნება.
თუმცა, წულუკიანი დღეს ვერ საუბრობს, 2020 წლის არჩევნების შემდეგ უხელმძღვანელებს თუ არა ისევ იუსტიციის სამინისტროს.
„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ მომავალს, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ სურვილი, ვაპირებ, დავრჩე პოლიტიკაში მათთან ერთად. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას, ვფიქრობ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ იუსტიციის სისტემაში ჩემი და ჩემი თანამებრძოლი პირების საქმიანობიდან სრული რვა წელი იქნება შესრულებული . პირადად ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდებით, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. მანამდე პერიოდში რამდენიმე რეფორმა გვაქვს ბოლომდე მისაყვანი“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება იმას, საარჩევნო კამპანიაში ჩართვისას გადადგება თუ არა დაკავებული თანამდებობიდან, წულუკიანი აღნიშნავს, რომ აქვს უფლება ერთდროულად იყოს მინისტრი და საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილეც.
„რაც შეეხება კამპანიაში ჩართვისას გადავდგები თუ არა, მე ასეთი განწყობა არ მაქვს. მე, მინისტრს, მაქვს უფლება, ვიყო მინისტრი, და ასევე ვიყო სუპერაქტიური, ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ. მე, როგორც ამ ქვეყნის ერტთი მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა არ დავუშვა წარსულის დაბრუნება საქართველოში“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.