თბილისის მერი კახა კალაძე გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომისა და ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების თაობაზე საუბარიც არ არის.
„არანაირ პრემიერ-მინისტრობაზე არ არის საუბარი, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. რაც შეეხება სიახლეებს, შეთავაზებებს, რა თქმა უნდა, ჩვენგან მოსახლეობა ელოდება ახალ პროექტებს, ელოდება სიახლეებს. მოდი, ჩემს თავზე, როგორც დედაქალაქის მერი და იმ ადამიანებზე ვიტყვი, ვინც ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, იყოს სკვერები, პარკები, იყოს ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორებული, ამისთვის უამრავი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. 2020 წელი იქნება განსაკუთრებული თბილისისთვის, თბილისელებისთვის და ამას მოსახლეობა დაინახავს“, – განაცხადა კალაძემ.