საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართა და უთხრა, რომ მისი განწყობა ნამდვილად არ იყო, რაღაც პოლიტიკური ტიპის დისკუსიაში შემოსვლა.
„ძალიან ხშირად ახსენეთ სიტყვა, მე, თქვენი თავის შესახებ ბევრი ისაუბრეთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თქვენი პიროვნება ნამდვილად არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოზიციები და არა პიროვნებები, ნამდვილად არ ვანიჭებ ისეთ მნიშვნელობას თქვენ იქნებით თუ სხვა იმას, თუ როდის გამოვაქვეყნებ ანგარიშს. ანგარიშის გამოქვეყნება დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება მინისტრი. წინა მინისტრის დროსაც, სახალხო დამცველი სწორედ ადამიანის უფლებათა კომიტეტში საუბრობდა კრიმინალური სუბკულტურის პრობლემებზე. ვერ გავიზიარებ განცხადებას, რომ ამ ანგარიშის მომზადება თქვენ გიკავშირდებათ. მეტიც, ვიტყვი, რომ ეს პრობლემა თქვენს მინისტრობას არ უკავშირდება და ეს დაიწყო წლების წინ. ჩვენ არაერთგზის მივესალმეთ იმ გაცხადებულ რეფორმას, რაც თქვენ გააკეთეთ შარშან მცირე დაწესებულებებზე გადასვლასთან დაკავშირებით. არ უნდა მიგეღოთ თქვენზე პირადად აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნება, სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმში ეცადეთ მნიშვნელოვან ანგარიშზე საუბარი და ყურადღება გადაგეტანათ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებას წარადგენს. სხდომას ასევე ესწრება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
წულუკიანმა ლომჯარიას მიმართა და უთხრა: “ხომ მაქვს უფლება, მეგონოს, რომ პიროვნულად მერჩით”