“ჩვენ სწორებას ვიღებთ ოფიციალურ ვაშინგტონზე”, – ასე გამოეხმაურა “მეტრონომთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის ღია წერილს, რომლითაც მან საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა.
იონათამიშვილის თქმით, ოფიციალური ვაშინტონის განცხადებები ცხადყოფს, რომ თანამშრომლობა საქართველო-აშშ-ს შორის სულ უფრო მეტად ვითარდება და დინამიკა დღითიდღე ძლიერდება.
“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე – ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ამ შემთხვევაში, აღსანიშნავია ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებები. ამ კონტექსტში მე გამოვყოფ ბოლოდროინდელ ორ მნიშვნელოვან ფაქტორს – ერთი, თქვენ მოგეხსენებათ, რომ დეკემბერში ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, რუდმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ისე ახლოს არასდროს ყოფილა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები, როგორც არის დღეს.
მეორე – ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა ხდებოდა, საქართველოს მიმართულებით განაცხადა, რომ საქართველო არის აშშ-ის ერთგული და ღირსეული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა. ეს არის ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რაც საქართველოს მისამართით იყო.
ასევე მესამეს დავამატებდი – იცით, რომ შემოდგომაზე, ორპარტიული მხარდაჭერის რეზოლუცია აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო და ის იყო უპრეცედენტო თავისი მნიშვნელობით… მნიშვნელოვანი არის ის, რომ თანამშრომლობა სულ უფრო მეტად ვითარდება და ეს დინამიკა ძლიერდება დღითიდღე შეიძლება ითქვას. ასევე, ჩვენ იმედით ვართ განმსჭვალული, რომ სულ მალე საქართველოში იქნება მოვლენილი ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი საერთო ინტერესების დაახლოებას. ეს არის მნიშვნელოვანი არამარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის”, – ამბობს იონათამიშვილი.
“მეტრონომის” შეკითხვაზე, ამ ფონზე, მიიჩნევს თუ არა კონგრესმენ მარკუეინ მალინის ღია წერილს ნაკლებმნიშვნელოვნად, იონათამიშვილმა განაცხადა:
“ოფიციალურ ვაშინგტონთან შედარებით, უხერხულიც არის ეს კითხვა. გითხარით ჩემი პოზიცია”.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა, მარკუეინ მალინიმ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა.
მარიამ იმერლიშვილი