ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის აგონიის ნიშანი” – ბოკერია შოთაძის კანდიდატურის წარდგენაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.

ბოკერიას შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება აგონიაშია.

„პირველი, ეს არის აგონიის ნიშანი, როცა ასეთ შეურაცხყოფაზე მიდიხარ საზოგადოების, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების, ვინც მაშინ იყვნენ აღშფოთებულები და მხარს უჭერდნენ მის გადადგომას, რადგან უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, როცა ჩაფარცხა, ასეთ გახმაურებულ, ტრაგიკულ შემთხვევაზე ხელი დააფარა მკვლელობაში. თუ კი ვინმეს სჭირდებოდა, ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რატომ არის დღევანდელი ხელისუფლება აგონიაში მყოფი და რეჟიმი არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩამოსაცილებელი. რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი დასტური ივანიშვილის ეჭვიანობის და იმის, თუ როგორ პანიკაშია, რომ მოუწია ასეთი რამის გაკეთება, ვინაიდან არ ენდობა სხვას. ეს არაფერს ცვლის, რადგან ნებისმიერი სხვა მარიონეტი და კლოუნი იგივე დაკვეთებს შეასრულებდა, რასაც შოთაძე. ნიშანი არის აგონიის, ივანიშვილის პოლიტიკური დასასრულის და კიდევ ერთი მაგალითი საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის“, – აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორის, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტიდან ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ გადადგა.

იტვირთბა....