„ამას შეიძლება დავარქვათ ბიძინა ივანიშვილის „კარუსელი“. ეს არის ზუსტად ამ სისტემის მანკიერი მხარე, რომ ერთსა და იმავე თანამდებობებზე აბრუნებ ერთსა და იმავე ადამიანებს. გაიხსენეთ, ბოლო 7 წელიწადში, მგონი, 5 პრემიერ-მინისტრი გვყავდა. ვინმემ კითხვა დასვა გადასახადის გადამხდელთა ფული რომ იხარჯება, რა შედეგი მოაქვს ამ ხალხს? ამ ადამიანს ჰგონია, რომ თავისი კომპანიის დირექტორებს ცვლის და თავის აუდიტორებს. ასე არ არის! სახელმწიფო სხვანაირი სტრუქტურაა და ის სხვანაირად იმართება“
მამუკა ხაზარაძე – “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი
აღნიშნული განცხადებით ხაზარაძე საპროკურორო საბჭოსთვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა შეაფასა.
შეგახსენებთ, დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი.
საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორის, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.
შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტიდან ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ გადადგა.