ახალი ამბები მთავარი

მმართველი გუნდის წევრები პატრიარქს ეწვივნენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს აღსაყდრებიდან 42 წელი შეუსრულდა, 4 იანვარს კი დაბადების დღე ჰქონდა. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს საპატრიარქოში მივიდნენ და პატრიარქს შობა-ახალი წელი, დაბადების დღე და აღსაყდრებიდან 42 წელი მიულოცეს. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დეპუტატებთან ერთად საპატრიარქოში მათი ოჯახის წევრებიც მივიდნენ, მათ შორის უწმინდესის ნათლულები.

“ჩვენ მოვედით, რათა მოგილოცოთ დაბადების დღე, 42 წელი აღსაყდრების, შობა-ახალი წელი, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ყველამ ერთად. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს”, – მიმართა მის უწმინდესობას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

პატრიარქმა პარლამენტარები დალოცა და ქვეყნისა და ხალხის სამსახურში წარმატებები უსურვა.

“მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენს შორის, თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. დალოცვილი იყავით”, – მიმართა ილია მეორემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

იტვირთბა....