საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა. მათ შორისაა ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ გადამდგარი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე.
იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.
იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კი საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge აიტვირთება.
კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. მან პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2010 წლის სექტემბერში კი, მუშაობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაგრძო, სადაც სხვადასხვა თანამდებობაზე 2013 წლის 21 ნოემბრამდე საქმიანობდა.