უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოსლკი სოციალური ქსელით, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ყაზბეგში, სოფელ წკერესთან გვირაბის მშენებლობას უკავშირდება.
“ხაზარაძე ამბობს რომ 9 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, რომლის სიგანე 15 მეტრი იქნება, სამომავლოდ მსოფლიოს უდიდეს გვირაბებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, აგრეთვე 550 მეტრიანი თაღოვანი ხიდი, შენდება იმისათვის რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა რუსეთის ტანკების შემოჭრას შეუწყონ ხელი… ამ ლოგიკით, სულ ცოტა, ყაზბეგში საერთოდ უნდა ავყაროთ გზა… თითქმის იგივეს ამბობდა სააკაშვილი – მალულად მიწათხრილი მქონდა გათხრილი რუსეთის შემოჭრის პრევენციისათვის და ახალმა ხელისუფლებამ გასცა მისი ადგილმდებარეობაო. თანაც ერთი ის კაცია, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობაში მსხვილი რუსული კომპანიის შემოყვანას სთავაზობდა ხელისუფლებას, მეორემ კი ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს მიჰყიდა და რომ არა აშშ-ს ჩარევა, მაგისტრალური გაზსადენის გადაცემაც უნდოდა…. ახალგაზრდებო, ნუ დაყვებით ამ ხალხს კუდში, მართლა სირცხვილი” – წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ქვეშეთი-კობის საგზაო მაგისტრალის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს, ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად გასცეს $50 მილიონი დოლარის გარანტია, ამაზე ათჯერ მეტ თანხას იღებს სესხად რათა რუსეთის საზღვართან ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ახალი მაგისტრალი ააშენოს. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ აღნიშნული გზის არსებობა დღეს საქართველოზე მეტად რუსეთის ინტერესში შედის და მას ტანკების შემოსაყვანად კომფორტულ შესაძლებლობას აძლევს.