ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი პოლიტიკა იქნება უცვლელი, მშვიდობასა და შერიგებას ალტერნატივა არ აქვს” – ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობის უსაფრთხოება ოკუპირებულ აფხაზეთში. ვინაიდან განვითარებული მოვლენები საყურადღებოა სამშვიდობო პოლიტიკის თვალსაზრისით.

„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მოსახლეობის უსაფრთხოება. როგორც ჩანს, ეს მოვლენები ცოტა უფრო გრძელვადიან პროცესში გადაიზარდა. რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ ვერანაირი პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმურობაზე, მაგრამ თავისთავად განვითარებები საყურადღებოა ჩვენთვის სამშვიდობო პოლიტიკის თვალსაზრისით. აქ ძირითადად ორი რამ იგულისხმება – მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით გალის მოსახლეობის, რომელიც არაერთხელ გამხდარა ე.წ. შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის მსხვერპლი. მათი უფლებრივი მდგომარეობა მძიმეა. მნიშვნელოვანია სამშვიდობო პროცესში ნდობის მშენებლობისა და ჩვენი შერიგების პოლიტიკის წარმართვის თვალსაზრისითაც. ჩვენი პოლიტიკა ყველა შემთხვევაში იქნება უცვლელი, რადგან მშვიდობასა და შერიგებას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. ასევე, ჩვენი ჩართულობის პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობის დახმარებაზე და მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული არ შეიცვლება. განვახორციელეთ არაერთი სამშვიდობო ინიციატივა და იცით, რომ ბარიკადებისა და მავთულხლართების მიუხედავად მაინც მუშაობს.

ვფიქრობ, როცა ვამბობთ, რომ მშვიდობა და შერიგება უალტერნატივოა, ეს პირველ რიგში აფხაზური საზოგადოების ინტერესში შედის, რადგან ამ ეტაპზე, ალბათ, ყველაზე კარგად აცნობიერებენ, რომ არსებული მდგომარეობა არანაირად არ პასუხობს სწორედ აფხაზური საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვდნენ. მათ  ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პირველი სართული დაიკავეს. მათი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა და რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ ცნო და ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი  საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

იტვირთბა....