პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში, ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნას, ცე ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით, ეხმიანება და აცხადებს, რომ პროგრამის წარმატებას ეჭვის ქვეშ ისევ ქართველები აყენებს.
დეპუტატის თქმით, არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიზირება, როდესაც თავად მედიკამენტების მომწოდებელი კომპანიის „გილეადის“ მხრიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მესვეურების მიმართ არც საჯარო და არც დახურულ ფორმატებში პრეტენზია არ გამოთქმულა.
“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„არ შეიძლება ამ ქვეყანაში ყველაფრის პოლიტიზირება და თეთრზე შავის თქმა! საქართველოში „ცე“ ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ეჭვის ქვეშ არ აყენებს არავინ დედამიწის ზურგზე, ისევ ქართველების გარდა! და ეს იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო ძალიან ყურადღებით აკვირდება ამ ვერაგი დაავადების ელიმინაციის (აღმოფხვრის) მართლაც უნიკალურ პროცესს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ამ საქმეში პიონერია!
საქართველოს ჯანდაცვის ამ უმნიშვნელოვანეს მიღწევას აღიარებს და ამ პროგრამის მხარდაჭერას აგრძელებს ყველა, მათ შორის ყველაზე ავტორიტეტული – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ყველაზე უფრო დაინტერესებული – ამ წამლების უსასყიდლოდ მომწოდებელი ამერიკული კომპანია „გილეადი“.
ეს ის „გილეადია“, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს „აღშფოთებული“, რომ თითქოსდა ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის „ზარალი“ განიცადა. თუმცა, „გილეადმა“ კარგად იცის, რომ ასეთი ტიპის ინოვაციურ და უპრეცენდენტო (ოღონდ მართლა უპრეცენდენტო) პროგრამაში 1-2 პროცენტის ფარგლებში მედიკამენტების ვადაგასულობის გამო დანაკარგი არათუ მისაღებია, არამედ საუკეთესო შედეგია. ამიტომაც, არ გაგვიგია მათი მხრიდან საქართველოს ჯანდაცვის მესვეურების მიმართ გამოთქმული პრეტენზია არათუ საჯარო, არამედ დახურულ ფორმატებშიც. პირიქით – მხოლოდ მხარდაჭერა.
არის და იყო თუ არა ხარვეზები პროგრამის დაგეგმვაში და განხორციელებაში? რა თქმა უნდა იყო, არის და ალბათ იქნება, როდესაც მსოფლიოში პირველად აკეთებ რაღაცას. მაგრამ მთავარია როგორ და რამდენად სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებ ამ ხარვეზებზე. ამ მხრივ, კი როგორც გითხარით, ჩვენი უმთავრესი და ყველაზე ობიექტური და საკითხით დაინტერესებული პარტნიორებისგან მხოლოდ დადებითი შეფასება გვესმის.
რა არის ყველაზე დიდი ხიფათი პროგრამის მომავლისთვის? – ალბათ საკითხის შემდგომი პოლიტიზება და რაც მთავარია, იმ ათასობით მოქალაქის პასიურობა, რომელთაც იციან რომ აქვთ ვირუსი, მაგრამ არ აქვთ ჯერ დაავადების სიმპტომები და არ მიმართავენ ჩაღრმავებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ეს ყველაფერი მათთვის აბსოლუტურად უფასოა“, – წერს აკაკი ზოიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.