“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ С-ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის კორუფცია ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზეა.
„ეს არის დანაშაული, ამიტომ ახლავე მოვითხოვთ, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის ფაქტობრივად, დაუდევრობის და სავარაუდო კორუფციის ფაქტები ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე. C ჰეპატიტის პროგრამა იყო უნიკალური საჩუქარი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიერ, აშშ-ს მთავრობამ გამოყო გრანტი და დღეისთვის დახარჯულია იმ რაოდენობის თანხები, რომელიც არის დაახლოებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი წლის ტოლი, რამდენიმე მილიარდი დოლარი. ვერც ერთი განვითარებული სახელმწიფო ვერ გაწვდებოდა ამ პროგრამის შესრულებას, ვინაიდან ეს არის უკიდურესად ძვირად ღირებული მკურნალობის მეთოდი. საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ჰყავდა ასეთი სტრატეგიული პარტნიორი და გარდა ამისა, სამწუხაროდ, საქართველო ამ პროგრამაში მოხვდა იმის გამოც, რომ იგი შედიოდა მსოფლიოს ხუთეულში იმ სახელმწიფოების, სადაც მასობრივად იყო გავრცელებული ეს მეტად ვერაგი დაავადება, დაახლოებით მოსახლეობის 7% არის ინფიცირებული C ჰეპატიტით. განკურნებულია მხოლოდ 58 ათასი, როცა წლის ბოლოსთვის 120 ათასი უნდა ყოფილიყო განკურნებული.
ფაქტი, რომ ქვეყანაში არის მართვის სრული კრიზისი, ქვეყანა იმართება არაკონსტიტუციურად, მიტაცებულია ერთი ადმიანის მიერ, მოშლილია გადაწყვეტილების მიღების სისტემა, მოშლილია მენეჯმენტი, არის ქვეყანაში ელიტური კორუფცია და არსებული არაფორმალური ოლიგარქიული მართვის ფორმა ვერ იძლევა მსგავსი პროგრამების ეფექტიანად განხორციელების საშუალებას, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რამდენიმე ათასმა ადამიანმა ვერ მიიღო დროულად სამკურნალოდ პრეპარატი და გამოდის, რომ ეს უნდა იყოს განადგურებული. გვაქვს კორუფციის ეჭვი, არის გარკვეული სიგნალები, რომ ხდებოდა ამ მედიკამენტებით ვაჭრობა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროკურატურამ ამ საკითხის გამოძიება. რაც შეეხება ამ პროგრამის მომავალს, ამ ხელისუფლების პირობებში უკეთეს მდგომარეობას არ უნდა ველოდოთ და იმედია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სრულად და ეფექტიანად განხორციელდება ის პროგრამა და დახმარება, რასაც ჩვენ მეგობარი სახელმწიფო გვიწევს“, – აცხადებს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.