მოძრაობა “ლელო საქართელოსთვის” C – ჰეპატიტის სამკურნალო ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, პარტიაში ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
“ლელოს” განცხადებით, პრობლემა ის ფინანსური ბარიერია, რომელიც C -ჰეპატიტის სკრინინგისთვის იყო დაწესებული.
პარტიის იურისტი, საბა ბუაძე აღნიშნავს, რომ ხუთასი მილიონი ლარის ჩამოწერილი მედიკამენტი კრახით დასრულებული პროექტის მანიშნებელია, ეს ციფრი კი კატასტროფული მაჩვენებელი.
“ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა პროგრამას კატასტროფულად და არაეფექტურად მართავს. სამინისტრომ ჩამოწერა ხუთასი მილიონი ლარის მედიკამენტი რაც კატასტროფაა,” განაცხადა საბა ბუაძემ.
მთავარი პრობლემა არასწორ დაგეგმარებაში იყო და სწორედ ამიტომ ჩავარდა პროგრამა – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, პოლიტიკური მოძრაობის “ლელო საქართველოსთვის” წევრი ვახტანგ სურგულაძე ამბობს.
“იყო კარგი იდეა და კარგი პროგრამა, მაგრამ არ ჰქონდა კარგი მენეჯმენტი და ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც უნდა ყოფილიყო,”- განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.