მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი С ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მედიკამენტების ვადაგასულობის ერთ-ერთ მიზეზი ინერტული პაციენტებია რომლებიც, მისი თქმით, მკურნალობის დაწყებას აყოვნებენ – აღნიშნული განცხადება ექიმი-ინფექციონისტმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
“ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ეს მოხდა, არის ის, რომ სამწუხაროდ, არის ინერტული პაციენტების ჯგუფი, 25 ათასამდე ადამიანია ისეთი, ვინც თავისი დიაგნოზი იცის, მაგრამ ფეხს ითრევს მკურნალობაში ჩართვაზე. შესაბამისად, ამ პაციენტებისთვის ეს მედიკამენტები იდო მარაგის სახით. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება ალბათ, რომ უკეთესად მოხდეს მენეჯმენტი, მაგალითად, სხვა ქვეყნებს გადაეცეს, სადაც ამის აბსოლუტური აუცილებლობაა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, 2000 პაციენტის ვადაგასული წამალი ნიშნავს იმას, რომ ეს წამლები ელოდებოდა შესაბამის პაციენტებს, რომლებიც არასდროს არ მივიდნენ მკურნალობის დასაწყებად,”- განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.