სასულიერო პირს, რომელსაც ბრალად ყოფილი მეუღლის შესაძლო ფიზიკური ანგარიშწორება და მუქარა ედებოდა, აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ქეთევან ჯაჭვაძემ მიიღო.
სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს მეუღლის, ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
პროკურატურა გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სასულიერო პირის მეუღლე, ნინო ჩიქოვანმა (გოგროშიძემ) სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ყოფილ მეუღლეს, ლაშა ჩიქოვანს ძალადობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სასულიერო პირი მასზე ქორწინების დღიდან ძალადობდა. ის ასევე მამათილის მხრიდან ძალადობაზეც საუბრობს, რომელიც ასევე სასულიერო პირია.