აფხაზ ძმებს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგებისკენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოუწოდებს.
დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა სოხუმში მიმდინარე მოვლენების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.
„მომიტინგე მხარეებს მოვუწოდებ, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და იპოვონ საერთო ენა, ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ყველა საკითხი კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში უნდა გადაიჭრას” – ნათქვამია განცხადებაში.
მისივე თქმით, მთავარია, რომ სისხლი არ დაიღვაროს.
„მთავარია, რომ დაპირისპირების პროცესში სისხლი არ დაიღვაროს. სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერია“,-აცხადებს ბიბილოვი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვდნენ. მათ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პირველი სართული დაიკავეს. მათი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა და რაულ ხაჯიმბას გადადგომა.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სროლის ხმა იყო, თუმცა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
კომენტარი გააკეთა ასევე ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ. მისი თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა მიემართოს იმისკენ, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები.
ბჟანიას თქმით, დროა სამხედროები, ძალოვნები და გენერლებიც კი, დადგნენ აფხაზი ხალხის გვერდით.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო უწყება მოვლენებს უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „აფხაზეთში მომხდარი მოვლენები ქვეყნის საშინაო საქმეა“.