aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ დავუთმობთ არცერთ ნაბიჯს, ანაკლიის კონსორციუმის მიერ ყველა ვალდებულება იყო შესრულებული” – ხაზარაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დავას საერთაშორისო სასამართლოში გაგრძელებენ და ხელისუფლებას არცერთ ნაბიჯს არ დაუთმობს.

ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში მონაწილეობას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იღებდნენ.

„ტყუილია, რომ კონსორციუმი არ ასრულებდა ვალდებულებებს. დღესაც კი არსებობს ინვესტორი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შესრულებული იყო. სახელმწიფომ ამ ე.წ. გადავადებებით თვალი აუხვია საზოგადოებას და პარალელურად გააგრძელა დესტრუქტციული ნაბიჯები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტის განხორციელებას. ყველა ამ საკითხზე იქნება საკმაოდ სერიოზული დავა. არსებობს უზარმაზარი ტომები ჩვენი მთავრობის წევრების ქმედებებისა, რომლებიც ანაკლიის პროექტზე ორკესტრირებულ შეტევას ახორციელებდნენ.

ეს არის ის უუნარო მთავრობა, რომელმაც ზამთრის კურორტების სეზონი ჩააგდო. მათ იმის უნარიც კი არ აქვთ, რომ წყლის პრობლემა გადაწყვიტონ. შესაბამისად, როგორ შეიძლება ისინი გვესაუბრონ ასეთი დიდი პროექტის ან გაჩერებაზე, ან ახალი ტენდერის გამოცხადებაზე?! ქართველი ხალხის, საზოგადოების ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ გავუწყვიტოთ ხელშეკრულება ისევე, როგორც დღეს გაუწყვიტეს მათ ინვესტორებს. 75 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული ამ პროექტში,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა ის პირგასამტეხლოს გადახდას, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ ამ კითხვებზე პასუხს სასამართლო გასცემს.

„ყველა ამ კითხვას პასუხს გასცემს სასამართლო. ჩვენ ამ წერტილს ველოდებოდით. ამიტომ ჯარიმა და ეს საკითხები შეინახონ თავისთვის. ეს იქნება ძალიან სერიოზული დავა იმიტომ, რომ ისინი წავიდნენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ,“ – აღნიშნა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

მინისტრის თქმითვე, “ანაკლიის პორტი ქვეყანას სჭირდება, პროექტის განსახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ”.

იტვირთბა....