ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“სასამართლოს წინ იქნება ჩვენი ახალი ოფისი, სადაც ჩვენს გეგმებს გაგაცნობთ” – ხაზარაძე

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პარტიის სხვა წევრებთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საგანგებო განცხადება გააკეთეს.

,,ლელო საქართველოსთვის’’ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მომდევნო თვენახევრის განმავლობაში 18 სასამართლო პროცესია ჩანიშნული,  რაც მათი შეფასებით, მიზანმიმართულად ემსახურება მათთვის პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

“ლელო საქართველოსთვის” მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური გაერთიანება საკუთარ პროგრამას სწორედ სასამართლოს ეზოში წარუდგენს საზოგადოებას.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს პარტიის პროგრამის ეკონომიკური ნაწილი წარადგინეს.

მათი განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები სასამართლო პროცესებზე არ გააკეთებენ განცხადებას და ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებენ.

,,სასამართლოში სხდომები თითქმის ყოველ მეორე დღეს დაინიშნა. გასაგები მიზეზის გამო, დანიშნულია ძალიან ბევრი სხდომა, რომ ხელი შეგვიშალონ პარტიულ აქტივობაში, მთელი დღეები გავატაროთ სასამართლოში და არ მოგვეცეს რეგიონში მოგზაურობის საშუალება, მაგრამ ჩვენ ამას მაინც მოვახერხებთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ყოველ მოსვლაზე სასამართლოს წინ გაგაცნოთ ჩვენი გეგმები, გაგაცნოთ ის თეზისები, რომელსაც ვაპირებთ, მივაწოდოთ საზოგადოებას, ჩვენი პარტიის წევრებს, ჩვენს მომხრეებს, რომელთა რიცხვი ძალიან იზრდება. სწორედ ამით არის შეშინებული მმართველი პარტია და მისი ხელმძღვანელი.

მე და ბადრი არ ვაპირებთ აქ მოსვლის დროს ჩვენს სასამართლო პროცესზე რაიმე კომენტარის გაკეთებას, რადგან ეს არის შოუ, ეს უკვე ნათელია, ეს არის პოლიტიკური დევნა. ჩვენ ამ თემაზე არ გავაკეთებთ კომენტარებს, რადგან არ შევალთ იმ თამაშში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთავაზა. სხდომებს დავესწრებით’’ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იტვირთბა....