„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების მოშლა იქნება მთავარი საკითხი ხვალ, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხი. საკითხზე მომხსენებელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
2019 წლის 31 დეკემბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტისთვის დაფინანსების მოძიების საბოლოო ვადა ამოეწურა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2019 წლის ბოლომდე უნდა წარედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან.
სხდომა ხვალ დილით, 10:00 საათზე დაიწყება. დღის წესრიგში განსახილველად სულ ათი საკითხი იქნება.