მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სოლეიმანის დაკრძალვაზე, ჭყლეტის დროს 35 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა

გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვის ცერემონიალის მიმდინარეობისას ჭყლეტაში სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი გენერლის მშობლიურ ქალაქიში, ქერმანში მოხდა.

„სამწუხაროდ, ჭყლეტის შედეგად, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე მოკვდა და ზოგიერთი დაშავდა“,-აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები.

გენერალ ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა მის მშობლიურ ქალაქში, ქერმანში მიმდინარეობს. სოლეიმანი 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა.

შეგახსენებთ, ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.

აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.

ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.

იტვირთბა....