ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო, აშშ-ირანს შორის დაძაბული ურთიერთობისა და სამხედრო დაპირისპირების შესახებ, პირდაპირი თუ ირიბი ურთიერთმუქარის ფონზე, მიიჩნევს, რომ “ირანი ვერ გაბედავს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში შესვლას”.
“მეტრონომთან” საუბრისას ანჯაფარიძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ირანმა, შესაძლოა, აშშ-ის მისამართით წერტილოვანი დარტყმები განახორციელოს, თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ევროპის ჩარევის შედეგად, ამ რისკის განეიტრალებაც შესაძლებელია.
“იმდენად რთულია სიტუაცია, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ჭირს. სიტუაცია პრაქტიკულად საათობრივად იცვლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ირანის ხელისუფლება ვერ გაბედავს და არც არის დაინტერესებული, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უშუალოდ პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში შევიდეს. ეს ძალიან ძვირად დაუჯდება სახელმწიფოს. ამ კუთხით მათ თვალწინ აქვთ იგივე ერაყისა და სირიის მაგალითები. აქედან გამომდინარე, ირანმა იმისთვის, რომ “ისლამურ სახელმწიფოში” რაღაც სახე შეინარჩუნოს და უპასუხოდ არ დატოვოს გენერლის მკვლელობა, შესაძლოა, რაღაც წერტილოვანი დარტყმები განახორციელოს აშშ-ის წინააღმდეგ, ოღონდ სხვადასხვა წერტილებში – ეს შეიძლება იყოს საელჩოები, სამხედრო ბაზები. მიმაჩინა, რომ ეს წერტილოვანი დარტყმებიც სარისკო ნაბიჯი იქნებოდა მათი მხრიდან იმიტომ, რომ აშშ ამ ყველაფერს დაუკავშირებს თეირანის ქმედებას და საპასუხო დარტყმები არ დაახანებს.
მეორე მხრივ, ირანის ამჟამინდელ ხელისუფლებას არ შეუძლია ანგარიში არ გაუწიოს ირანის საზოგადოების განწყობას. საზოგადოების განწყობა კი, არის ისეთი რომ ქვეყნის ხელმძღვანელობისგან ისინი მოითხოვენ საპასუხო ნაბიჯებს და ირანს უბრალოდ მოუწევს რაღაც ისეთი ნაბიჯების გადადგმა, აჩვენოს, რომ უმოქმედოც არ არის და აშშ-ის მიერ გენერლის ლიკვიდაციას უპასუხოდ არ დატოვებს. რთული სიტუაციაა და ვიმეორებ, რომ ალბათ, ირანის პასუხი იქნება წერტილოვანი დარტყმები. მე ვფიქრობ, ქვეყნის მიერ სამხედრო მზადყოფნის გამოცხადება ერთგვარად სიმბოლური აქტია. ამით აჩვენებენ, რომ ირანი მოტივირებულია, აშშ-ს უპასუხოს.
საღ აზრს ეწინააღმდეგება ის, რომ ირანი შეიძლება ჩაებას პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ვფიქრობ, მოლაპარაკების რესურსი ძალიან მცირეა, მაგრამ არსებობს და აქ, ალბათ, თავის როლს ითამაშებს ევროპა, რომელიც დაარწმუნებს, რამდენად გამოუვა რთული სათქმელია, თუმცა იქნება დიპლომატიური არხებით ინტენსიური კონტაქტები იმისთვის, რომ დაარწმუნონ ირანის ხელისუფლება, ხელი აიღოს აგრესიულ მოქმედებებზე, თუნდაც იგივე წერტილოვან დარტყმებზე. დღეს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგანგებო შეხვედრაა და ალბათ, ამ შეხვედრაზე მოხდება სტრატეგიის ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ალიანსის წევრებმა მოცემულ სიტუაციაში. ვფიქრობ, რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
“მეტრონომის” შეკითხვაზე, შექმნილ ვითარებაში, სად დგას საქართველო და რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ქვეყანას, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის დაცვა გაუჭირდება, ვითარების უფრო მეტად გამწვავების შემთხვევაში კი, ქვეყნის ტერიტორიის პლაცდარმად გამოყენების შესაძლებლობა და ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხე არსებობს.
“მასშტაბური სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, მოსალოდნელი იქნება მასშტაბური მიგრანტთა ნაკადების მოდინება, რასაც შეიძლება მოჰყვეს ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისი. ეს არის ერთი შესაძლო საფრთხე. ასევე, თუ მაინც საქმე მასშტაბურ სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდა, საქართველოს გაუჭირდება ნეიტრალიტეტის დაცვა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო მოთამაშე შეიძლება ჩაერთოს ამ კონფლიქტში. ბუნებრივია, რომ განზე არ დარჩება რუსეთი. საქართველოს, გამომდინარე იქიდან რომ, სტრატეგიული პარტნიორობა აქვს აშშ-თან, გაცხადებული აქვს მისი საგარეო პოლიტიკური ვექტორი, გასაგებია, რომ მას ძალიან გაუჭირდება ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. საქართვლოსა და ნატო-ს 2005 წელს ბრიუსელში აქვთ გაფორმებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ნატო-ს შეუძლია აქ შემოიყვანოს დროებით თავისივე სამხედრო დანაყოფები, ტექნიკა და გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია. გარდა ამისა, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან მოიცავს არამარტო იმას, რომ ამერიკელებისგან მივიღოთ ფინანსური დახმარება ჩვენი სამხედრო მშენებლობისთვის, არამედ ჩვენს პარტნიორს კრიტიკულ სიტუაციაში შესაბამისი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე. ასე რომ, ვერ დავრჩებით განზე”, – უთხრა “მეტრონომს” ზაალ ანჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.
აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.
აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.
ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.
ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.
მარიამ იმერლიშვილი