ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ნატო-ს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.
აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.
აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.
ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.
ერთ-ერთი ირანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთმა მეთაურმა, გოლამალი აბუჰემზამ, რომელიც გვარდიას კერმანის პროვინციაში მეთაურობს, სპარსეთის ყურეში ხომალდებზე თავდასხმის პერსპექტივაც არ გამორიცხა.
“ირანი ამერიკელებს დასჯის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი”, – განაცხადა მან.