ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“პრეზიდენტმა ტრამპმა დინამიტის ჯოხი ჩააგდო დენთის კასრში” – ჯო ბაიდენი

ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, მასშტაბური კონფლიქტის ზღვარზე აღმოვჩნდეთ, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანელი გენერლის ლიკვიდაციას.

მისი შეფასებით, პრეზიდენტმა ტრამპმა “დინამიტის ჯოხი ჩააგდო დენთის კასრში”.

„არც ერთი ამერიკელი არ იგლოვებს ყასემ სოლეიმანის სიკვდილს. იგი იმსახურებდა მართლმსაჯულებას ჩადენილი დანაშაულისთვის ამერიკული ჯარის და რეგიონში ათასობით უდანაშაულოს წინააღმდეგ. ის მხარს უჭერდა ტერორს და დათესა ქაოსი. არავინ უარყოფს, რომ ეს არის ესკალაციური ნაბიჯი სახიფათო რეგიონში. ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის მიზანია, ირანის მიერ მომავალი თავდასხმების თავიდან აცილება, მაგრამ ამ მოქმედებას აუცილებლად ექნება საპირისპირო შედეგი. პრეზიდენტმა ტრამპმა დინამიტის ჯოხი ჩააგდო დენთის კასრში. მას ევალება, აუხსნას ამერიკელ ხალხს სტრატეგია და გეგმა, რომ დაიცვას ჩვენი ჯარი და საელჩოს პერსონალი, ჩვენი ხალხი და ჩვენი ინტერესი, ჩვენი პარტნიორები, როგორც აქ, ქვეყნის შიგნით, ასევე მთელ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ირანი ნამდვილად უპასუხებს თავდასხმას. ჩვენ შეიძლება, აღმოვჩნდეთ მასშტაბური კონფლიქტის ზღვარზე ახლო აღმოსავლეთში. იმედი მაქვს, ადმინისტრაციამ მათ მიერ არჩეულ გზის მეორე და მესამე რიგის შედეგები გაიაზრა, მაგრამ ვშიშობ, ამ ადმინისტრაციამ არ აჩვენა დისციპლინა ან აუცილებელი გრძელვადიანი ხედვა”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.

აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.

იტვირთბა....