ბაკურიანში მოსახლეობის 80% წყალი გრაფიკით მიეწოდება – ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერის მოადგილე დავით ზაალიშვილი ავრცელებს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ბორჯომის მერის მოადგილემ განუცხადა, სრულად 24-საათიან რეჟიმში ბაკურიანში წყალი დღის ბოლომდე აღდგება.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსახლეობის 80% წყალი გრაფიკით მიეწოდება. გრაფიკს წყალმომარაგების კომპანია არეგულირებს. ისინი წყვეტენ გადართვას, ანუ რა მიმართულებით რამდენ ხანს მისცემენ წყალს. პრობლემა არის ის, რომ წნევა არ არის, მაგრამ ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და მალე აღადგენენ.
რაც შეეხება ქუჩებს, სადაც წყლის მიწოდება არ აღდგენილა, საუბარია აღმაშენებლისა და წაქაძის ქუჩებზე, ამ წუთებში უკვე დაწყებულია მათთვის ავზებით წყლის მიწოდება. სრულად ბაკურიანს წყალი, 24-საათიან რეჟიმში დღის ბოლოდან ექნებათ“, – განაცხადა ბორჯომის მერის მოადგილემ დავით ზაალიშვილმა.