მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის პარლამეტის წინ დაპირისპირება მოხდა.
აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ, იმ ტერიტორიაზე ცდილობდნენ მისვლას და პროტესტის გამოხატვას, სადაც რამდენიმე დღის წინ კარვები იყო გაშლილი, დღეს კი გასართობი სივრცეა მოწყობილი, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.
მოძრაობა „შეცვალე“ გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს, სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ თბილისის მერიის ეს მოთხოვნა მიუღებელია.
აქციის მონაწილეები მოქალაქეებსაც მოუწოდებენ, პარლამენტის წინ მოწყობილ გასართობ სივრცეში ბავშვები არ მიიყვანონ.
ლაშა ჩხარტიშვილმა მერიასთან აქცია დააანონსა, რომელიც მისივე თქმით, დღეს, სავარაუდოდ, 14:00 საათზე გაიმართება.
„აქციას სადაც შევძლებთ ყველგან ჩავატარებთ, ამის უფლება გვაქვს. დღეს ვხვდებით გარემოვაჭრეებს და მათი სურვილის მიხედვით ჩავატარებთ აქციას მერიასთან, რომელიც ემსახურება არა კანონს და ქვეყანას, არამედ ივანიშვილის და კალაძის კორუფციულ და პოლიტიკურ ინტერესებს. ცდილობენ მშიერი ადამიანები დაუპირისპირონ შვილმოკლულ მამას, ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს კალაძემ და ივანიშვილმა ბედობას და ახალ წელს, რასაც აუცილებლად მოჰყვება პასუხი,“ – აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მიტანილი აქვთ 20 ივნისს დაზარალებულების ფოტოები და პლაკატები წარწერებით: „აქ შვილმკვდარი მამის კარავი იდგა”, „სიკვდილის კვალს ვერ წაშლით”, “აქ ბავშვებს თვალები დათხარეს”.