საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა, რომ 2020 წელი ქვეყნისთვის ერთიანობისა და სოლიდარობის წელიწადი ყოფილიყოს/
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2019 წელი ერთიანობით მიღწეული შედეგით დასრულდა.
„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებსა და სიმშვიდეს თქვენს ოჯახებსა და ქვეყანაში!
2019 წელი დასრულდა ჩვენი ერთიანობით და ამ ერთიანობით მიღწეული შედეგით! ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითი გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ, რომ ყველაფრის მიუხედავად; დაძაბულობისა თუ პოლარიზაციის მიუხედავად, რომელიც ასე გვთრგუნავს, მაინც შევძელით საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება. ეს ის მოვლენაა, რომელზეც ამ ახალ წელს უნდა დავფიქრდეთ და დავიჯეროთ, რომ სადაც ერთიანობა შეგვიძლია, იქ ყველაფერი შეგვიძლია!
2019 წელს დაგვაკლდა სიმშვიდე; დაძაბულმა გარემომ გავლენა მოახდინა თითოეულ ჩვენგანზე. მაგრამ ეს წელი მთავრდება იმედითა და სიხარულით!
ჩვენ, ასევე, გავერთიანდით პატარა ანიტას გარშემო. ამ ერთიანობას ცნობიერებაში დადებითი მუხტი შემოაქვს. გარკვეული ძალები – ქვეყანაში თუ მის გარეთ – ცდილობდნენ და ალბათ, კიდევ ეცდებიან, ეჭვი შემოიტანონ ჩვენს ღირსებაში,შემართებაში და, საერთოდ, ჩვენს შესაძლებლობებში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ერის დეპრესია მხოლოდ მტრებს თუ გაახარებს.
„ჩვენ შეგვიძლია, გავფანტოთ სიძულვილის, ღვარძლის შავი ღრუბელი დ მოვახდინოთ ჩვენი ენერგიის მობილიზება ქვეყნის აღმშენებლობისთვის!
დღეს მსოფლიო დიდ რყევებს განიცდის; ჩვენი რეგიონი დიდი გამოწვევების წინაშე დგას. სტაბილური, მშვიდობიანი და ძლიერი საქართველო გვჭირდება ყველას და სჭირდება თუნდაც მათ, ვისაც ჰგონია, რომ ჩვენი დასუსტებითა და გახლეჩით, ან – ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციით მიზანს უფრო იოლად მიაღწევს.
ვისურვებ, რომ დამდეგი ახალი წელი იყოს ჩვენი ერთიანობისა და სოლიდარობის წელიწადი. მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სიძულვილისა და დამცირების ენის გამოყენებისგან, რამეთუ ეს უარყოფითი ენერგია უკვე საკმარისად დაგვიბრუნდა.
ვისურვებ, რომ 2020 წელი იყოს არაადამიანთა გატაცებების წელი, არამედ გაიხსნას გამშვები პუნქტები და არ შეფერხდეს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის გამთლიანებამდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ყველას მშვიდობა, სიმშვიდე, ბედნიერება და წარმატებები უსურვა.
„დგება ახალი წელი და ჩვენ გვაქვს საფუძველი საიმისოდ, რომ მას შემართებით დავხვდეთ:
2019 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებიდან ათასზე მეტი მედალი ჩამოიტანეს. დარწმუნებული ვარ, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში დიდი წარმატებები გველოდება.
ქართველი ახალგაზრდები, სტუდენტები, მეცნიერები, ხელოვანები ჩვენი ერის უნიკალურ კულტურულ და სამეცნიერო პოტენციალს წარმოაჩენენ. მთელი მსოფლიო გაოცებული უყურებს, რა შემოქმედებითი ენერგია დევს ამ პატარა ერში. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ აქ, საქართველოში მთლიანად გავითავისოთ ამ ეროვნული ენერგიის ძალა და ფასი.
ჩვენ გვაქვს რწმენა საქართველოს თავდაცვის ძალების, ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც თავდადებითა და პროფესიონალიზმით ქვეყანას აძლიერებენ, უცხოეთში კი ასეთივე თავდადებითა და პროფესიონალიზმით გვასახელებენ!
ახალ წელს გილოცავთ ყველას – ჩვენს თანამემამულეებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც სამშობლოდან შორს საქართველოს სახელი გააქვთ!
დაბოლოს, მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ახალი წელი ვაჟა ექიმს, რომელიც თავის ოჯახს დაუბრუნდა და გამოჯანმრთელება ვუსურვო პატარა ანიტას და ცოტნე გამსახურდიას!
გისურვებთ, გვეცხოვროს გაერთიანებულ, გამთლიანებულ საქართველოში!
გილოცავთ, კიდევ ერთხელ, ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, სიმშვიდეს, ბედნიერ, წარმატებულ და ხალისიან წელიწადს!“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.