ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაე, 2020 წელი უფრო მეტად წარმატებული, სიკეთით სავსე და პოზიტიური ყოფილიყოს” – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საახალწლო მილოცვაში აღნიშნა, რომ 2020 წელი უფრო მეტად წარმატებული, სიკეთით სავსე და პოზიტიური ყოფილიყოს.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.

„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2020 წელს! გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას!

გასული წლის განმავლობაში ჩვენ ერთად, ბევრი რამის გაკეთება შევძელით! მადლობას გიხდით ყველას, ვინც იცავდით სამშობლოს; ვინც იცავდით ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას; ვინც ასწავლიდით ბავშვებს; მადლობა ყველას, ვინც ქვეყანა ასახელეთ და საქართველოს სახელით გაიმარჯვეთ; მადლობა საჯარო მოხელეებს, ვინც პროფესიონალურად ემსახურეთ თანამოქალაქეებს; მეწარმეებს და ბიზნესმენებს, ვინც ქმნიდით დოვლათს; მადლობა ვინც აშენებდით; მადლობა ვინც ღირსეულად წარმოადგინეთ საქართველო ქვეყნის გარეთ; ვინც ობიექტურად აშუქებდით მოვლენებს; მადლობა ვინც შეინახეთ და გაამდიდრეთ კულტურა, ხელოვნება და მეცნიერება; ვინც იცავდით გარემოს და დარგეთ ერთი ნერგი მაინც; მადლობა ქველმოქმედებისთვის; მადლობა ვინც რწმენითა და ლოცვით აძლიერებდით ჩვენს სამშობლოს! მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს!“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ასევე მიულოცა აფხაზ და ოს ძმებს.

„დაე, 2020 წელი უფრო მეტად წარმატებული, სიკეთით სავსე და პოზიტიური ყოფილიყოს! გადავდგათ მშვიდობიანი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ვიზრუნოთ დევნილებზე. მეტი შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს და აქტიურად ვიმუშაოთ მათთან ერთად. მივიდეთ უფრო მეტ ადამიანთან, ვინც გაჭირვებაშია და ჩვენს თანადგომას ელოდება. შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. განვავითაროთ და მოვუაროთ სოფლებს. მოვემზადოთ მეტი სტუმრის მისაღებად. განვაგრძოთ მუშაობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. მოვუსმინოთ ერთმანეთს და მივაღწიოთ მეტ თანხმობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ახალ წელს ვულოცავ ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და სამშობლოში დაბრუნებას ვუსურვებ! ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს – ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ხიდებს და დავიბრუნებთ ერთმანეთს.

ძვირფასო თანამოქალაქეებო, გილოცავთ 2020 წლის შემობრძანებას! ბედნიერი წელი ყოფილიყოს!“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

იტვირთბა....