პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.
„ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ ტრადიცია და ყველანი ერთად უნდა მოვიდეთ თერთმეტ საათზე, იმისთვის, რომ ერთად შევხვდეთ ახალ წელს. პირველი რესპუბლიკის მოედანზე თქვენ გელოდებათ 28 ნომრისგან შედგენილი გრანდიოზული შოუ, სადაც შესრულდება ყველა ის საყვარელი სიმღერა, ჰიტი, რომელიც სამოციანი წლებიდან დღემდე ჟღერს“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.
მისივე თქმით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება და მათ სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.
გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, საშობაო სოფელში გაიმართება. ღია ცის ქვეშ გადმოინაცვლებს ყველასათვის საყვარელი მუსიკალური პროექტი „ერთი ერთში“, რომლის 18 მონაწილეც ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლებს გააცოცხლებენ და მათ მუსიკალურ ჰიტებს შეასრულებენ.
ქართველი შემსრულებლები მიშა სულუხია, თაკო გაჩეჩილაძე, ლევან მასპინძელაშვილი, დიმა კობეშავიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ელენე კალანდაძე, ოთო ნემსაძე, მარიტა როხვაძე, ზურა ჯავახია, სალომე ბაკურაძე, მაგდა ვასაძე, ნინო ძოწენიძე, ნუცა ბუზალაძე, თემო საჯაია, ნათია დუმბაძე, TL, ლიზა ყენია და ქეთი ორჯონიკიძე სცენაზე ლეგენდარულ მომღერლებს – ტონი ბენეტს, გლორია გეინორს, ელვის პრესლის, ჩაკა ხანის, არეტა ფრანკლინს, თინა თერნერს, ფრედი მერკურის, უიტნი ჰიუსტონს, ერიკ კლეპტონს, სტივ უონდერს, ბილი ჯოელს, ქრისტინა აგილერას, რობი უილიამსს, ალიშა ქისს, ჯემიროქვაის, რიანას და ლედი გაგას განასახიერებენ.
კონცერტის რეჟისორია თეო მაზმიშვილი, ხოლო წამყვანები – აჩიკო სოლოღაშვილი, თიკა ფაცაცია, რუსკა ქარქაშაძე და გიორგი ცხადაძე.
ახალი წლის პირველ საღამოს, 1 იანვარს, 21:00 საათზე, საშობაო სოფელში მსმენელის წინაშე მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი MAX THE SAX წარდგება. მათი მუსიკა შექმნის საუკეთესო საახალწლო განწყობას, რომელსაც მოგვიანებით დიჯეი გააგრძელებს.