“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ 2019 წელი შეაფასა და “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ წელს არაფერი ნათელი არ მომხდარა, იყო ფასების ზრდა, ლარის გაუფასურება, ოპოზიციის დევნა და პოლიტპატიმრების გაჩენა.
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელიწადი, ვინაიდან აშკარად შეინიშნება ქვეყნის რუსეთისაკენ გადახრა, რომელსაც მრავალი ფაქტი მოწმობს. 7-წლიანი ისტორია ანაკლიის პროექტის ფაქტობრივად ამ წლის ბოლოს ჩაიშალა და ის არ განხორციელდება, სანამ იქნება ეს ხელისუფლება. ასევე, გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად არის საქართველოს ხელისფულება დაკავშირებული რუსეთთან. ამ წელმა გვიჩვენა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია არა ქვეყანაზე ზრუნვა, არამედ საარჩევნო ინტერესების დაკმაყოფილება და ძალაუფლების შენარჩუნება და ამ ძალაუფლების შენარჩუნებაში რუსული ფაქტორის გამოყენება. ერთ-ერთი სამარცხვინო წელიწადი იყო ჩვენი პარლამენტის ისტორიაში, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ადამიანების დევნა, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და განსაკუთრებით ის აღმაშფოთებელი ტყუილი, რომელიც ჩაიდინა ივანიშვილმა და მოატყუა ყველა, ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც და პროპორციული არჩევნებზე გადასვლის დაპირება არ შეასრულა. ამ პარლამენტის მორჩილებისა და უუნარობის სიმბოლო გახდა ვიზუალური მხარე, როდესაც დეპუტატები პარლამენტში შედიოდნენ შეპარვით, კვერცხების დაშენითა და სტვენის თანხლებით“, – განაცხადა გოცირიძემ.