ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთ, ერთ-ერთ კლინიკაში გადავიყვანთ” – გამსახურდიას მეუღლე

გამსახურდიას უცხოეთის კლინიკაში გადაყვანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს – ამის შესახებ განცხადებას ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური აცხადებს. მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართულია ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

„ცოტნეს გადაყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, რადგან რაღაც დეტალები ზუსტდება და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება კონკრეტულად როდის გადაგვყავს. დანამდვილებით ვაპირებთ გადაყვანას, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საუბარი იყო ორ-სამ ქვეყანაზე, ბოლოს საუბარი იყო თურქეთზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დანამდვილებით დაზუსტებული, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ანა ჯაბაურის განცხადებით „ის ვერსიები, რასაც გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების უფლებადამცველები აჟღერებენ, მტკნარი სიცრუეა“.

„მაგიდის თითოეულ წევრს ველაპარაკე, იქ არავითარი სერიოზული შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, არანაირი ფიზიკური დაპირისპირება და შეურცხყოფა. ყოვლად წარმოუდგენელია მართალი იყოს ის, რასაც ისინი საუბრობენ, რადგან ამას არავინ ადასტურებს. იმ სუფრიდან მომავალი ცოტნე იყო სახლში და იყო ძალიან მშვიდი, კარგ ხასიათზე იყო. წარმოუდგენელია, ოთხი-ხუთი კაცი ადამიანს მოსაკლავად თავს დაესხას და ამას რამე გამართლება ჰქონდეს. ეს თავდასხმა იყო დაგეგმილი, 15 წუთით ადრე თუ 15 დღით, ამას მე ვერ გეტყვით. ვვარაუდობ, რომ დამნაშავეთა წრე გაიზრდება. თავად ცოტნე კარგად იცნობდა კახა ჩხეტიანს, რომელიც მისი მეზობელი და ყოფილი მეგობარი იყო, რომელთანაც განხეთქილება მოუვიდა და შემდეგ შერიგდნენ, მაგრამ აღარ მეგობრობდნენ. ჩხეტიანიც იყო იმ ჩასაფრებულ ადამიანებთან ერთად, თავისი ვერსიით, გასაშველებლად, მაგრამ გასაშველებლად მისული ადამიანი არ დაუშვებს იმას, რომ სახლიდან გამოსულ ადამიანს თავში ჩაარტყან მძიმე საგანი“,- განაცხადა ანა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

იტვირთბა....