შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 4 პირი – 1990 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ს., 1982 წელს დაბადებული პ.ყ. და 1973 წელს დაბადებული კ.ჩ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შეგახსენებთ, სასწრაფო სამეციდინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირები სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით.