სეზონური გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით თბილისში სამი ამბულატორია მუშაობის გახანგრძლივებულ რეჟიმზე გადავიდა.
საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი (წინამძღვრიშვილის ქ. 57 ), მედკაპიტალი-გლდანი ( ი. ვეკუას ქ. 18) და მედკაპიტალი-ვარკეთილი (მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ. 3) 09:00-დან 22:00 საათამდე იმუშავებენ. 18:00 საათიდან კი, კლინიკები მათთან არარეგისტრირებულ პაციენტებსაც მოემსახურებიან.
ამასთან, აღნიშნულ დაწესებულებებში პაციენტთა სატელეფონო კონსულტაცია 24 საათის განმავლობაში იწარმოებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვა ამბულატორიების გახანგრძლივებულ გრაფიკზე გადასვლის გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესაბამისად იქნება მიღებული.
მანამდე სასწრაფო დახმარების ცენტრმა გაავრცელა მოწოდება მოსახლეობისადმი, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე პირველადი ჯანდაცვის რგოლს მიმართონ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ორი ტიპის – A და B ტიპის გრიპის ვირუსები, თუმცა ჭარბობს B ტიპის ვირუსის შემთხვევები, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსები (H1N1, H3N5). მათივე თქმით, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე მძიმე შემთხვევები სტაციონარებში შედარებით ნაკლებია, ვიდრე შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდში