ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ის, რომ პოლიფონიის და ღვინის სამშობლო საქართველოა, კარგად აისახება ქართველი კაცის ხასიათში”

„თუ ნახავთ ჩვენს თითოეულ კუთხეს – იმერეთი, ქართლ-კახეთი, გურია თუ სამეგრელო, ყველას არ ჩამოვთვლი, ჩვენს პოლიფონიურ ფოლკლორს, შეიძლება არც ნახო ქართველი კაცი, ისე მოახერხო გაცნობა ხალხური სიმღერით. ის, რომ პოლიფონიის სამშობლო და ღვინის სამშობლო საქართველოა, მე მგონი არ არის შემთხვევითი და კარგად აისახება ქართველი კაცის ხასიათში”, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციაზე გააკეთა.

“ჩემი აზრით, ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ამ ორ შედევრზე დგას, რომელსაც ქართული სუფრა და მისი წესი, თავისი თამადით ეწოდება. ვფიქრობ, რომ ყოფითი ცხოვრების ყველაზე დიდი შენაძენი სიყვარული და ბედნიერებაა, ქართული სუფრა არის ჭეშმარიტად ყველაზე დიდი მონაპოვარი ადამიანის ყოფითი ცხოვრების, რამეთუ ქართული სუფრა არის ფოიერვერკი სიყვარულის და ბედნიერების. ყველაზე წარუმატებელი კაცი ჰპოვებს უდიდეს სიყვარულს ქართულ სუფრაზე და აუცილებლად ხდება ბედნიერი. მე მგონია, რომ მაინც ღვინო იყო პირველადი, ღვინომ მოითხოვა სიმღერა, როგორც ხდება სუფრაზე, მას დასჭირდა გაძღოლაც და კარგი თამადაც ამისთვის აუცილებელია. ყოფითი ცხოვრების არსი სიყვარულია და ადამიანი იმისთვის იბადება, რომ უყვარდეს და მოახერხოს იყოს ბედნიერი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქართულ სუფრაზე იყრის თავს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ – უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

იტვირთბა....