სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს.
როგორც ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმის ციხიდან გათავისუფლებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.
„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამჟამად, იგი იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი დღიდან იყო ჩართული ამ საქმეში. ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის შედეგად და რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მოწმენიც გავხდით.
ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი. ამ წუთას, როგორც მოგახსენეთ, იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოგვიანებით, მეტი დეტალის გაზიარებას შევძლებთ“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოებერს დააკავეს.
ექიმს, რომელსაც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ, წელიწადითა და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.