ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ უკვირს რანაირადაა ცოცხალი რადგან ძალიან მძიმე დრო დგას.
„მძიმე დროში ვიცხოვრე, მაგრამ ღმერთმა დიდი წყალობა მომცა, საუკეთესო უფროსი მეგობრები მყავდა. ეს რა ვთქვი! მყავდა კი არა, ახლაც მყავს – ბატონი რეზო თაბუკაშვილი, ბატონი რეზო ჩხეიძე, ბატონი ნიკო ჭავჭავაძე, ბატონი ოთარ ნოდია, ბატონი ოთარ მიმინოშვილი.
შვილი რომ გარდამეცვალა, სამძიმრის დღებში ბატონი ნიკო იცით რა დროს მოდიოდა ხოლმე? – ღამის 12 საათზე და მთელ ღამეს ჩემთან იჯდა. ბატონი რეზო ჩხეიძე კიდევ საღამოობით მოდიოდა და 6-დან 11 საათამდე ფეხზე იდგა. ამას განვიცდიდი და ორივეს ვეხვეწებოდი, რას არ ვეუბნებოდი, წაბრძანდით, ჩემი შვილი მაგლოვეთ-მეთქი, მაგრამ არაფრით მტოვებდნენ. ასეთები იყვნენ! მაშინდელი თანაგრძნობა და დღევანდელი რომ შევადარო, დღეს იმის ნატამალს ვერ ვხედავ. ვერც იმას გაიგებ დღეს ვინ ვისი მეგობარია, მხოლოდ დროებით შეეკრებიან ერთმანეთს. დღესაც რომ რამე გამიჭირდება, ფიქრებით სულ მათ ვეკითხები რჩევას და ვერ წამოიდგენთ, რა სიმართლეს მეუბნებიან. აბა, არ ვიცი დღეს ვისთან მივიდე. თქვენ გეკითხებით – დღეს ვინმე გეგულებათ ეგეთი? ხანდახან მიკვირს, რანაირად ვარ ცოცხალი. ეგეთი ძნელი დრო, რაც დღეს არის, არც მახსენდება. ერთადერთი, ჩვენ გვყავს უწმინდესი, იმისი ნათქვამი, ხმადაბლა რომ იტყვის ხოლმე ეს არის ჩემთვის ყველაფერი. მხოლოდ ის მინდა, მისი მრევლის წევრი მაინც ვიყო, თუნდაც სულ უკანასკნელი“, – ამბობს დოჩანაშვილი.