ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

“დღესვე დაიბარეთ მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია და პროექტი თავიდან განახორციელონ” – კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის თანამშრომლები დღესვე დაიბარონ, რადგან საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები არაჯეროვნად არის შესრულებული.

როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კომპანიამ საკუთარი ხარჯებით, სამუშაოები თავიდან უნდა განახორციელოს.

„რამდენიმე დღის წინ მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. გულზე შემოგეყრებათ სამუშაოები ისე არის შესრულებული, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამიტომ, მშვიდად, ყოველგვარი აღელვების გარეშე, დღესვე დაიბარეთ კომპანიის წარმომადგენლები და საგზაო სამუშაოები თავიდან განახორციელონ. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის ჩაბარება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლებმაც, რომლებიც პერიოდულად ამოწმებდნენ სამუშაოებს, აღნიშნეს, რომ ძალიან უხარისხოდ არის ყველაფერი გაკეთებული. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ დღესვე დაიბარეთ კომპანიის თანამშრომლები და თავიდან ჩაატარონ სამუშაოები, როგორც ნორმალურ ქალაქებშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები უნდა დაექვემდებარონ იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან არსებობს.

იტვირთბა....