ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თავდაცვის სამინისტროს კაპრალი არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებაშია ბრალდებული” – “მთავარი არხი”

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებაშია ბრალდებული. აღნიშნულ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის თანამშრომელთან ჯერ ნდობაში შევიდა, შემდეგ მოტყუებით სარდაფში ჩაიყვანა და გააუპატიურა.

“ამ ამბის მერე თვითმკვლელობაზეც მიფიქრია… ტანსაცმელი რომ გამხადა, წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ვერ შევძელი წინააღმდეგობის გაწევა. ვყვიროდი, იქ არავინ იყო, რაც ამ კაცმა გამიკეთა, არასდროს გადამხდენია, ძალიან შემეშინდა”, – აცხადებს არასრულწლოვანი ბიჭი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს გაპატიურებაში სდებს ბრალს.

საქმის პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ კაპრალის წინააღმდეგ, ბევრი მტკიცებულება, მათ შორის, დაზარალებულის ჩვენება და კამერების ჩანაწერები აქვს.

“მხოლოდ ერთი ჩვენება არ არის, არის მოწმეთა ჩვენებები და კიდევ სხვა მტკიცებულებები. ექსპერტიზა დანიშნულია, თუმცა, ჯერ დასრულებული არ არის. უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს და რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება საქმისთვის”, – აცხადებს პროკურორი.

ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით კი, კაპრალს ცილს წამებენ.

“დაზარალებულის ჩვენება ვერ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ბრალი დავდოთ მან ჩაიდაინა დანაშაული”, – ამბობს ეკატერინე მაჭარაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კაპრალს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

იტვირთბა....