რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საახალწლო სოფლისა და ქალაქის მთავარი ნაძვის ხის სამონტაჟო სამუშაოებს გვიან ღამით დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
როგორც მერმა განაცხადა, ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.
„ახლა რესპუბლიკის მოედანზე ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საახალწლო სამზადისი. 25 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. მინდა მოვიწვიო ყველა პატარა და არამხოლოდ პატარა. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ძალიან მიხარია, რომ სადღესასწაულოდ განათებული დედაქალაქი ძალიან მოსწონთ. ამ წუთში საახალწლო სოფლის მონტაჟი მიმდინარეობს. 25 დეკემბრიდან ყოველდღიურად, დღის 12:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე იფუნქციონირებს ეს სოფელი. შეგიძლიათ მობრძანდეთ, მოიყვანოთ თქვენი პატარები, გაერთოთ. იქნება სხვადასხვა წარმოდგენები, კონცერტები და შოუები“, – განაცხადა კახა კალაძემ.