ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა ხდება ციხეში – სახალხო დამცველი ანგარიშს აქვეყნებს

სახალხო დამცველის ოფისმა ოთხ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე ანგარიში გამოქვეყნა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში.

“საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი ჩაატარა. ვიზიტები განხორციელდა ყველაზე დიდ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთისა და დახურული ტიპის პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში კომპლექსურად გაანალიზდა, როგორც სისტემური ასევე, თითოეული დაწესებულებისთვის დამახასიათებელი ასპექტები.

ვინაიდან, დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის, რაც თავის მხრივ პატიმრებს შორის ძალადობასა და ჩაგვრას განაპირობებს, მონიტორინგის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსს დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობის მასშტაბების და მისი გამოვლინებების შესწავლა წარმოადგენდა.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში.

დაწესებულებები გადატვირთულია და შეიმჩნევა პერსონალის ნაკლებობა, რის გამოც ადმინისტრაციას აქვს ცდუნება, „წესრიგის შენარჩუნების“ და კონფლიქტების მოგვარების ფუნქცია არაფორმალურ მმართველებს გადააბაროს.

ის დაწესებულებები, სადაც არაფორმალური მმართველობის გავლენა მაღალია, პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება. კრიმინალური სუბკულტურა განსაკუთრებით შეიმჩნევა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც არაფორმალური მმართველები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და სხვა პატიმრებს აიძულებენ დაემორჩილონ არაფორმალურ წესებს. გამოვლინდა, რომ პატიმრები სათანადოდ არ იცნობენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს და კრიმინალური სუბკულტურის გავლენითა და რეპრესიის შიშით უარს ამბობენ საჩივრის უფლების გამოყენებაზეც.

აღსანიშნავია, რომ ცალკეული გამონაკლისების გარდა, პატიმრებს არ უსაუბრიათ ციხის თანამშრომელთა მხრიდან პატიმრებზე ფიზიკურად ძალადობის ფაქტებზე. ძირითადად, ფსიქოლოგიურ ძალადობასა და არაეთიკურ მიმართვებზე საუბრობენ.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დეესკალაციის ოთახებში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსების პრაქტიკა, რასაც სახალხო დამცველი წლებია სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად აფასებს. როგორც ვიზიტის შედეგად გაირკვა, დეესკალაციის ოთახებში პატიმრები უმეტეს შემთხვევაში მაქსიმალური ვადით (72 საათით) გადაყავთ და შესაძლოა, ერთი და იგივე პირი დეესკალაციის ოთახში ფაქტობრივად უწყვეტად იყოს მოთავსებული, წუთებისა და საათების ინტერვალებით.

დაწესებულებებში ფსიქო-სოციალური მხარდამჭერი სერვისებისა და სიტუაციის მართვის სხვა რესურსის არარსებობის გამო, ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივი დროით ათავსებს პატიმარს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსება და სათანადო ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობა, არღვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას.

სამწუხაროა, რომ შესაბამისი სამსახურები არ ახდენენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოვლენას და დოკუმენტირებას. კერძოდ, ექიმი არ ადგენს დაზიანების შესაძლო კავშირს წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ექიმი ახდენს დაზიანებების დოკუმენტირებას შესაბამისი ფორმის მიხედვით და უგზავნის იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, გამოძიება ეფექტიანად არ მიმდინარეობს.

კვლავ არადამაკმაყოფილებელია საცხოვრებელ, სამარტოო და შიდა კლასიფიკაციის საკნებსა და საშხაპეებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. დახურულ დაწესებულებებში გამოწვევად რჩება პატიმრებისათვის 1 საათზე მეტი ხნით გასეირნების უფლების მინიჭება, რაც მძიმედ აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით კვლავ პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია, სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადო წარმოება, სამედიცინო კონფიდენციალობის დაცვა, სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. ამასთან, პერსონალის ნაკლებობის პირობებში რთულდება ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებაც.

მისასალმებელია, რომ ანგარიშის გამოქვეყნებამდე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ანგარიშში გაკეთებული შეფასებების თაობაზე. სპეციალური პენიტენციური სამსახური გარკვეულ ნაწილში იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გამიზნული აქვს დიდი პენიტენციური დაწესებულებების შედარებით მცირე დაწესებულებებად გარდაქმნა. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დაწესებულებების გარდაქმნის იდეას, იმ შემთხვევაში თუ მათი მიზანი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მსჯავრდებულის ქცევის პოზიტიური ცვლილებისკენ, რეაბილიტაციისა და შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციისაკენ მიმართული სისტემის განვითარება იქნება.

პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და სხვა სახელმწიფო უწყებებმა სათანადოდ განიხილონ და გაანალიზონ ანგარიშში გადმოცემული ფაქტები და გადადგან დროული ნაბიჯები რეკომენდაციების ეფექტური იმპლემენტაციისათვის. საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ ანგარიშს ასევე გადაუგზავნის საქართველოს პარლამენტს” – აღნიშნულია ანგარიშში.

იტვირთბა....