საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ პრესკონფერენციაზე, სადაც საოკუპაციო ხაზთან მისი ჩასვლის მიზეზებზე ისაუბრა განაცხადა, რომ თუ ვინმე გადავიდოდა და კაცურად დაელაპარაკებოდა, ვთხოვდი და ავუხსნიდი, რომ ამ შემთხვევაში საერთო ინტერესები გვაქვს, ვაჟა გაფრინდაშვილს გამოუშვებდნენ
მისი თქმით, საქართველოსა და საოკუპაციო რეჟიმს ერთი მტერი ჰყავს, ამიტომ ბიბილოვის რეჟიმისთვის მის მოშორებაში დახმარება უნდა ეთხოვა.
“რაღაც მქონდა ისეთი, რომ მე შემეძლო ვინმესთვის მიმემართა, ვაპირებდი გადასვლას, მეცადა უბრალოდ. იქნებ ისინი არიან მართლები და მე ვტყუივარ. გადავიდოდი პირდაპირ იმ მიზნით, რომ ჩავბარებულიყავი. ვეტყოდი, მე გადმოვედი იმისთვის, რათა მეთხოვა თქვენთვის დახმარება იმაში, რომ ჩვენი საერთო მტერი – ნაცისტური იდეოლოგია, რომელმაც დაღუპა საქართველო, მოვიშოროთ, რომ თქვენც ხართ იძულებული…
ჩავთვალე, რომ თუ ვინმე გადავიდოდა და კაცურად დაელაპარაკებოდა, არ არის აუცილებელი მტერთან გინება, უნდა მოიქცე ღირსეულად, არ არის აუცილებელი დაამცირო, თუ ვთხოვდი და ავუხსნიდი, რომ ამ შემთხვევაში საერთო ინტერესები გვაქვს, გამოუშვებდნენ”, – განაცხადა კუხიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრს, მას შემდეგ, რაც მან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს “იდიოტები” და “პროვოკატორები” უწოდა, უმრავლესობის რიგები დაატოვებინეს.