ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“საქართველოში მასწავლებლებს უნდა ვასწავლოთ, როგორ აღმოაჩინონ ლუკას მსგავსი ბავშვები”

“მეტრონომის” ექსკლუზიური ინტერვიუ შეერთებულ შტატებში მოღვაწე პროფესორ, მინდია გაბიჩვაძესთან

“დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”, – ამ ფრაზით ასრულებს თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილს დემურ სტურუა, რომელმაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო, თავი ჩამოიხრჩო.

“ამ ცხოვრების დედაც”, – ეს სლოგანი კი, აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 15 წლის ლუკა სირაძე, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო, მე-9 სართულიდან გადმოხტა და რამდენიმე დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სუიციდისა და სუიციდის მცდელობების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა – ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით, შემთხვევებს მზარდი დინამიკა აქვს.

რატომ იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც თვითმკვლელობა სცადა; ყველაზე ხშირად რა მიზეზით ასრულებენ ადამიანები სიცოცხლეს თვითმკვლელობით? შესაძლებელია თუ არა სუიციდის პრევენცია და რა როლი აკისრია ამ მიმართულებით სახელმწიფოს – შინაგან საქმეთა, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, ასევე საზოგადოებას – აღნიშნულ საკითხებზე  “მეტრონომს” ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ფსიქოლოგი, “პეპერდაინის უნივერსიტეტის” პროფესორი მინდია გაბიჩვაძე ესაუბრა. გაბიჩვაძე, რომელსაც კლინიკური ფიქოლოგიის უდიდესი გამოცდილება აქვს და პერსონალურ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს პაციენტებს ლოს-ანჯელესში, რამდენიმე დღე ტრენინგების ჩასატარებლად, საქართველოში იმყოფებოდა. ტრენინგის მონაწილეები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ბევრი მათგანი თვლის, რომ ბევრი რამ შეიძინეს ამ მოკლე დროის განმავლობაში. მინდია გაბიჩვაძემ მაგისტრისა და დოქტორის წოდება კლინიკურ ფსიქოლოგიაში მიიღო პროფესიონალური ფსიქოლოგიის ამერიკულ სკოლაში. დოქტორი მინდია გაბიჩვაძე ყველა ტიპის ადამიანებთან მუშაობს, მათ შორის არიან მაღალ რანგში მომუშავე პირებიც და სტუდენტებიც. ის, 20 წელზე მეტია სამხრეთ კალიფორნიაში ცხოვრობს და კარგად ესმის ლოს-ანჯელესის პროფესიული, ფინანსური და სოციალური პრობლემები. მას შეუძლია კარგად უხელძღვანელოს და ადაპტირებული იყოს საზოგადოებასთან. აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც ძალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტაში ეხმარება.

“მეტრონომი”: რა არის სუიციდი, როგორია ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა სუიციდამდე? გადაწვეტილება შეიძლება იყოს სპონტანური, თუ სუიციდამდე მისვლა დიდი ხნის ფიქრის შედეგად ხდება? და საერთოდ, როგორ მიდის ადამიანი სუიციდამდე?

მინდია გაბიჩვაძე: “სუიციდის ასახსნელად ხშირად მოაქვთ მაგალითი და ეს მაგალითი ხსნის ძალიან კარგად, თუ როგორ შეგვიძლია შევხედოთ სუიციდს. მაგალითად მოჰყავთ მუსიკა – ორკესტრი, თითოეული ინსტრუმენტი შემოდის თავიდან, უკრავენ რაღაც ნოტებს, შემდეგ ეს ნოტები შეიძლება გაძლიერდეს, ან შესუსტდეს, მერე სხვა ინსტრუმენტი შემოდის და შეიძლება ნოტები შეიცვალოს მთლიანად, შესაძლოა, ეს ინსტრუმენტები გაერთიანდეს. სუიციდსაც უნდა შევხედოთ ამ კუთხით. არ არის ისე, რომ მხოლოდ ერთი რამ იწვევს, ან ერთი მხარეა, ან მეორე. არის მიმდინარე პროცესი. სუიციდში არის ფიქრები, ასევე არსებობს რაღაც ბიოლოგიური ფაქტორებიც, ასევე არსებობს სოციალური და გარემოფაქტორებიც. ეს ყველაფერი არის გაერთიანებული და შეხედულება, რომ რაღაც მხოლოდ ერთი იწვევს მას, შეცდომაა.

თქვენ ჩამოთვალეთ მიზეზები, რამ შეიძლება მიიყვანოს ადამიანი სუიციდამდე, საინტერესოა, ყველაზე ხშირად რა ხდება მაპროვოცირებელი ფაქტორი, ანუ ყველაზე ხშირად რატომ იკლავენ ადამიანები თავს?

– ამას ჩვენ ვუწოდებთ რისკის ფაქტორებს. რა თქმა უნდა, რისკის ფაქტორები არსებობს. აი, მაგალითად, აშშ-ში ჩვენ ვიცით, რომ 15% ხალხის, რომლებსაც აქვთ კლინიკური დეპრესია, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. ძალიან დიდი ფაქტორია ასევე, ვიღაცის – ახლობლის დაკარგვა გლოვის პერიოდში. მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ როდესაც ვიღაცას აქვს სუიციდისკენ მიდრეკილება, ჩვენ მეორე შანსი იქ აღარ გვაქვს. მათ თუ მოიკლეს თავი, ჩვენ გამოსასწორებელი აღარაფერი გვექნება.

ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ “არაუშავს, ცოტა ცუდად არის, მოწყენილია, მაგრამ ამ მდგომარეობიდან მალე გამოვა”, მაგრამ ეს არის რეალურად ძალიან დიდი პრობლემა და ჩვენ ამ ყველაფერს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. როდესაც ვიღაცას აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, ესეც არის რისკფაქტორი; გეტყვით, აშშ-ის მაგალითზე –  ჩვენთვის რისკფაქტორის ჯგუფს მიეკუთვნება ხალხი 45 წლის ზემოთ, ისევე, როგორც ახალგაზრდები. 21-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანები რისკჯგუფში ნაკლებად შედიან. ყველაზე დიდი რისკი ამჟამად არის კაცები 65 წელს ზემოთ. რისკჯგუფად მივიჩნევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ოჯახი ენგრევათ – განშორების შემდეგ, თუ ძალიან რთული მდგომარეობა აქვთ. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, მატერიალური კეთილდღეობის დაკარგვა; რისკჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებიც ზოგადად რისკიანები არიან. რისკი იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში უკვე იყო თვითმკვლელი. რისკჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც განუკურნებელი დაავადებები ემართებათ.

არსებობს თუ არა ძირითადი ნიშნები, რომელთა საშუალებითაც უნდა ამოვიცნოთ მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ?

– რაც შეეხება ნიშნებს – უნდა მივაქციოთ ყურადღება ადამიანებს, რომლებსაც ენერგია უვარდებათ; ადამიანები, რომლებიც წონაში ან ძალიან იკლებენ, ან პირიქით, იმატებენ; მათ, ვისაც სიხარულის განცდა აღარ აქვთ, ყველაფრის ინტერესს კარგავენ; ადამიანებს, რომლებსაც არამარტო სიცარიელის განცდა აქვთ, არამედ გარშემომყოფთა დახმარებასაც ვეღარ ამჩნევენ. აი, ვინმე თუ იტყვის, რომ “ჩემთვის გამოსავალი აღარ არის” – მე უკვე ვხვდები, რომ ამ ადამიანთან უნდა დავიწყო საუბარი. არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, აქტიურები არიან და მერე უცებ წყვეტენ საქმიანობას, ესეც ერთ-ერთი ნიშანია.

შესაძლებელია თუ არა, სუიციდის პრევენცია? როგორ მოვიქცეთ, თუ ადამიანს რომელიმე თქვენს მიერ დასახელებული სიმპტომი შევნიშნეთ – მივმართოთ ფსიქოლოგს თუ თავად ვცადოთ დახმარება?

– როგორც კი, შევნიშნავთ ნიშნებს ადამიანს, უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს. ადამიანს, რომელსაც აქვს შფოთვა, პირველი რაც არ უნდა უთხრა, არის – დაწყნარდი. ეს პირიქით აღიზიანებს ასეთ ადამიანს. უნდა უთხრა – ალბათ, ძალიან ძნელია, შენ რა მდგომარეობაშიც ხარ, მითხარი რა ხდება შენში. როდესაც ადამიანმა არ იცის, სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანს როგორ მოექცეს, შესაძლოა, ამით მას უარესი გაუკეთოს.

დამოკიდებულება, რომ ლაპარაკმა, შესაძლოა, უფრო მეტი აზრი მიაწოდოს, არასწორია. როდესაც ადამიანს იდეა აქვს, უკვე ყველაფერი იციან და დაგეგმილი აქვთ, ასეთ ადამიანთან ყველა დეტალზე საუბარი პირიქით კარგია. მე შემიძლია წაგიკითხოთ, რაზე საუბრობს თავად პაციენტი – “თქვენ გგონიათ, რომ თქვენ იღებთ ინტერვიუს, რეალურად კი, ჩვენ ვაკეთებთ ინტერვიუს. მე ვაკეთებ შენ ინტერვიუს იმისთვის, რომ გავიგო, შენ მზად ხარ თუ არა, რომ მე გამომყვე, დამეხმარო. ჩვენ ძალიან ხშირად, საუბრის დროს, ვხვდებით, რომ გეშინია ჩემთან საუბრის. მე როდესაც შენს შიშს დავინახავ, ეს მკეტავს და მხოლოდ ისეთ პასუხებს გაგცემ, რისი გაგებაც შენ გინდა. ამით მე უკვე მიცრუებ იმედს, რომ რეალური დახმარების გაწევა შეგიძლია ჩემთვის”. ძალიან ხშირად ადამიანი თავს იკლავს იმიტომ, რომ ვეღარ ხედავს აზრს, გააგრძელოს ცხოვრება. უმეტესობა ასევე დაღლილია ცხოვრებით.

რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ? რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო ასეთი შემთხვევების მინიმუმადე შესამცირებლად? უნდა არსებობდეს თუ არა სპეციალური პროგრამები სუიციდის პრევენციისთვის და ამ მხრივ, როგორია აშშ-ის გამოცდილება?

– ფსიქოლოგიური დახმარება საქართველოში არის ძალიან არეული. არ ვიცი, განათლებასთან არის დაკავშირებული, თუ პრაქტიკასთან, სტიგმად არის გამხდარი ფსიქოლოგიური აშლილობა. ფიქრობენ, ეს რომ ვინმეს დაანახოს, სირცხვილია. სტატისტიკას რომ შევხედოთ, ძალიან მაღალია საქართველოში სუიციდის შემთხვევები. გავიგე, რომ საქართველოში ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სფეროს ადამიანები ერთად არ მუშაობენ – აი, თუნდაც ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ერთად არ მუშაობენ, ერთმანეთის წინააღმდეგ არიან, ერთმანეთს არ ენდობიან. ამერიკაში ამ მხრივ მიდგომები აბსოლუტურად განსხვავებულია – ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ.

მე ვიკითხე, თუ არსებობს საქართველოში სუიციდის ცხელი ხაზი და მითხრეს, რომ არსებობს, მაგრამ შესაძლოა, არავინ გიპასუხოს და რომც გიპასუხონ, მათ არ იციან, როგორ ესაუბრონ ადამიანს, რომელიც სუიციდის ცხელ ხაზზე რეკავს. აშშ-ში მხოლოდ ერთი ცხელი ხაზი არ არსებობს, არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფისთვის და 24 საათის განმავლობაში ჩართულია.

ადამიანებს ესაუბრებიან ისეთი პირები, რომლებსაც სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი. ნახულობენ ლოკაციასაც, თუ საიდან განხორციელდა ზარი, რომ იქ გააგზავნონ ვიღაც – შეიძლება პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ა.შ.

ამერიკაში, თუ მოხდა ისე, რომ სკოლის მოსწავლემ თავი მოიკლა, იწყება სკოლებში ლექციები ამ საკითხზე და პლუს ეუბნებიან, რომ თუ რამე პრობლემა გაქვს, გაძლევთ ნომერს და დარეკე, ან დახმარება სთხოვე ვიღაცას – მიდი მასწავლებელთან, ფსოქოლოგთან. სკოლებში არის გამოკრული ცხელი ხაზის ნომერი. დიფერენცირებული ცხელი ხაზებიც არსებობს – მაგალითად, თუ მოზარდი არის ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელი, მისთვის სპეციალური ნომერი არსებობს და ა.შ.

ადამიანებს, რომლებიც ზარებს პასუხებენ, სპეციალურად დატრენინგებულები არიან საიმისოდ, რომ იცოდნენ, რაზე ესაუბრონ და როგორ. ეს მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გასაკეთებელი არ არის.  ამ საკითხებზე უნდა მუშაობდნენ ასევე ორგანიზაციები, ფსიქოლოგთა, ფსიქიატრთა ასოციაციები. სინქრონულად უნდა მუშაობდნენ და არა ერთმანეთის წინააღმდეგ.

ცალკე თემად რომ გამოყოთ არასრულწლოვანთა სუიციდი, იდენტურია თუ არა მიზეზები ზრდასრულთა შემთხვევებისა და როგორ დავიცვათ ბავშვები?

– ლუკა სირაძის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მართალია, მე არ ვიცი ყველა ფაქტორი, მაგრამ ის რაც დაწერა მან კედელზე, ეს იყო დახმარების თხოვნა. მე პირადად, სკოლას არ დავაბრალებდი, არც პირადად პოლიციას არ დავაბრალებდი. მე რომ ლუკა სირაძის ფსიქოლოგი ვყოფილიყავი, ან მასწავლებელი ვყოფილიყავი, ჩემთვის რისკფაქტორი გაიზრდებოდა, რადგან მექნებოდა ინფორმაცია, რომ ლუკამ დაკარგა მამა, შეიცვალა სკოლა. როგორც ვიცი, მათი ეკონომიკური მდგომარეობაც შეიცვალა – ანუ მან იდენტობა დაკარგა. არავინ იცოდა, რა და როგორ დაენახა. ამ შემთხვევაში, უნდა ვიცოდეთ ახალგაზრდები, მით უმეტეს, მოზარდები, რა მდგომარეობაში არიან. მოზარდები გადიან ძალიან რთულ პერიოდს იმ მხრივ, რომ ისინი არამხოლოდ ბიოლოგიურად იცვლებიან, ასევე თავის ტვინის შეცვლა ხდება. იწყებენ უფრო აბსტრაქტულად ფიქრს. თავიანთ გარემოს სხვაგვარი ლინზებით, სხვანაირი თვალით უყურებენ ყველაფერს.

პრობლემა რა არის? მათ ემოციების რეგულირება ჯერ კიდევ არ შეუძლიათ. მოზარდმა შეიძლება შეხედოს ძალიან ბევრ მაღალ შენობას და უცებ მოუვიდეს აზრად, რა კარგი იქნება, თუ შენობის სახურავზე ავალ. ამ დროს, ის შენობის სახურავზე ასვლის რისკფაქტორს ვერ აფიქსირებს. ზრდასრული ადამიანები საფრთხეებს წინასწარ ვაანალიზებთ, მოზარდებს კი, ეს ჯერ კიდევ არ აქვთ ბოლომდე ჩამოყალიბებული.

ამიტომ, ძალიან ხშირად ემოცია უფრო წინ აქვთ. საქართველოში ამჟამად, ძალიან რთული პერიოდია. მე როგორც შევამჩნიე, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ორი კლასი არსებობს – ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი. ბავშვებისთვის ეს არის ძალიან რთულად აღსაქმელი. მოზარდისთვის განსხვავება ძალიან მაღალ და ძალიან დაბალ კლასს შორის არის ძალიან მტკივნეული და დამთრგუნველი, რადგან სირცხვილად აღიქვამენ ამას. მე, დიდს, ასეთი რამის გააზრება არ დამანგრევს, მაგრამ ბავშვს წინა ტვინი, რომელიც ასეთ რაღაცეებზეა მგრძნობიარე, ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს.

თუ იცნობთ საქართველოში სუიციდის პრევენციის მიზნით არსებულ რამე პრაქტიკას, არის თუ არა ეს საკმარისი?

– იმედი მაქვს, ლუკა სირაძის დაღუპვით, იქნებ ლუკას სახელით, საქართველომ დაიწყოს პროგრამა – იქნებ მას აქედან მაინც გავუწიოთ დახმარება, ვუთხრათ, რომ – “შენ გვასწავლე, ამ ტრაგედიამ ჩვენ გვასწავლა ის, რომ შენი სახელით სხვებს დავეხმაროთ. შენ რა სიგნალებიც მოგვაწოდე, ჩვენ ამას ვისწავლით”.

მგონია, რომ სტრუქტურის შეცვლა კი არა, შელამაზება უნდა დაიწყოს. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია განათლება. თუნდაც მასწავლებლებს უთხრან სპეციალისტებმა, რომ კონკრეტული ნიშნების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ფსიქოლოგს, ან მშობელი შეიყვანე და ჩააყენე საქმის კურსში. ანუ იმის თქმა მსურს, რომ მასწავლებლებს უნდა ვასწავლოთ, როგორ აღმოაჩინონ ასეთი (ლუკას მსგავსი) ბავშვები. პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები და კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად. იმედი მაქვს, რომ ჩვენ 6 თვის, ან ერთი წლის შემდეგ, ისევ ამ თემაზე არ ვისაუბრებთ და რაღაც დაიწყება, რაღაც შეიცვლება.

–  და ბოლოს, ჩვენ, მედიის წარმომადგენლები, როდესაც ვაშუქებთ სუიციდის ან მისი მცდელობის შემთხვევებს, როგორ დავიცვათ ბალანსი ისე, რომ თან ვისაუბროთ პრობლემაზე და თან საკითხის რომანტიზება არ მოვახდინოთ უნებლიედ?

– მედიას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი როლი, რომ სტიგმა დაარღვიოს მხოლოდ სუიციდზე კი არა, ზოგადად, ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. სტატისტიკურად, ადამიანების 87%-ს ცხოვრების განმავლობაში ფსიქლოგიურ, ან ფსიქიატრიულ აშლილობას გადის, მაგრამ არავინ ამაზე არ საუბრობს. მითხარით ერთი ფაქტი, როდესაც დახმარებას არ უწევენ, ან სითბოს არ გამოხატავენ იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც რამე ფიზიკური დაავადება სჭირს? – ყველა დაუდგება გვერდით, მაგრამ როდესაც ვიტყვით, რომ ვიღაცას ფსიქოლოგიური, ან ფსიქიატრიული აშლილობა აქვს, ყველას სცხვენია, ოჯახი არ საუბრობს.

უნდა გავიგოთ, რომ ეს არის ტვინის ავადმყოფობა და ეს არ არის სირცხვილი. თქვენ მედიას კი, ყველაზე დიდი ძალა გაქვთ, რომ ამ ყველაფერზე საუბარი დაიწყოთ და თქვათ, რომ ეს არ არის პრობლემა, ეს არის ადამიანის მდგომარეობა. ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ორგანიზაციებს მედიასთან ერთად, შეუძლიათ ეს სტიგმა დარღვიონ და ეს სტიგმა რომ დაირღვევა, ლუკა აღარ განმეორდება, ან უფრო ნაკლები იქნება.

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....