ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
განცხადების თანახმად, ნორვეგია მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
ეგახსენებთ, რომ საქმეს განიხილავდა “ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებდა. წინა, დახურულ სხდომაზე, რომელიც 13 დეკემბერს ჩატარდა, დე ფაქტო მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ექიმის ინტერესებს იცავდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით მოწვეული ვლადიკავკაზელი ადვოკატი ვლადიმერ ფიდაროვი. მიუხედავად საერთაშორისო გამოხმაურებებისა და პროტესტისა, ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს და მას 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.