ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების სამინისტროში ფსიქოლოგებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ეკატერინე დგებუაძემ და ირინა აბულაძემ ფსიქოლოგებთან და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას 15 წლის მოსწავლის ტრაგიკულად გარდაცვალების საკითხი წარმოადგენდა.

მინისტრის მოადგილეებმა ყურადღება გაამახვილეს სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს მოზარდთა თვითმკვლელობის პრევენციისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბავშვთა უფლებების საკითხს. ამ მიმართულებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეხვედრის მონაწილეებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება და დამკვიდრებული სტანდარტები გაუზიარეს.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რამდენიმე დღეში, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უწყება საზოგადოებას წარუდგენს კონკრეტულ გეგმას, რომელშიც ზედმიწევნით იქნება ასახული სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრის მექანიზმები.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო, მეცხრე სართულიდან გადმოხტა, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვლი დღეს, ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

იტვირთბა....