კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მოქალაქე, უმძიმეს მდგომარეობაშია მიკროავტობუსის მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი.
“სამარშუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მეორე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა თბილისში, აეროპორტის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.