ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღეს არ არის ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების დრო, დღეს არის კონკრეტული ნაბიჯების დრო”

დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გააკეთა.

„კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს, ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში. შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან, თუმცა ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. ჩვენ უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა მივცეთ შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, შსს-მ უნდა იზრუნოს ბავშვზე მორგებული გარემოს უზრუნველსაყოფად – მოზარდების დაკითხვების სივრცის შექმნის თვალსაზრისით.

„განათლების სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებებთან ერთად, უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის თუ პირისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან.

ასევე, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ განათლების სამინისტროს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია – პრაქტიკულად, პრევენციულად იმ პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომელიც სკოლაში მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება, მოხდეს.

იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ, როდესაც სამართალდამცავ სისტემასთან აქვთ შეხება. ეს ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემების მიმართულებით, რომელიც შესაძლოა, მოზარდების ფსიქოლოგიაზე აისახოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა სირაძე, რომელიც მე-9 სართულიდან გადმოხტა, ორი დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო სცადა.

იტვირთბა....