დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც გარდაცვლილი მოზარდის, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე იძულებითი ჩვენების მიცემის ბრალდებით არის დაკავებული, 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკა გოგუაძის საქმეშიც ფიგურირებს.
საქმის მთავარი ფიგურანტი გოგუაძე იხსენებს, თუ როგორ ჰკითხავდა მას ჩოლოიანი და კონკრეტული ჩვენების მისაღებად, როგორ ხორციელდებოდა მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება.
“მე შეიძლება უკვე ვხვდებოდი, რა შარშიც ვიყავი, მაგრამ კონკრეტულად რა ბრალს წამიყენებდნენ, მე ეგ ჯერ არ ვიცოდი. მოვითხოვე თავიდან, როგორც დაკითხვაზე მყოფ ადამიანს აქვს უფლება, ადვოკატის ყოლის, რაც მარიანა ჩოლოიანს სასაცილოდაც არ ეყო. მივხვდი, რომ იქ ადვოკატი არ მერგებოდა. მარიანას აქვს დავალება, რომ გამოძიება წაიყვანოს კონკრეტული კუთხით და მიიღოს ჩემგან კონკრეტული ჩვენება. როცა მარიანა ამ ჩვენებას ჩემგან ვერ იღებს და ძირითადად ამას ვერ იღებდა, იგი გადის ოთახიდან და ეს ხდება ძალიან ბევრჯერ, 12 საათზე მეტხანს ვიკითხებოდი კონკრეტულად მისგან, გადის ოთახიდან, ოთახში შემოდის დამრტყმელი ძალა, ხდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება. მარიანა ჩოლოიანთან რომ მივედი, მე უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი – ერთი საღი წერტილი არ მქონდა დარჩენილი სხეულზე. ხშირად სხვებს გავყავდი სხვა ოთახში, იქ კარგად დამამუშავებდნენ და შემდეგ უკვე შემომიყვანდნენ ოთახში მარიანასთან. ჩოლოიანი 2011 წელს ჯერ კიდევ პატარა გოგო იყო, ალბათ, გამოუცდელიც იქნებოდა, დამხმარეებიც ჰყავდა…
კედელზე დაწერილი რაც არ უნდა ყოფილიყო, ამის გამო რატომ უნდა განახორციელო ბავშვზე ზეწოლა. მარიანა ჩოლოიანი იყო თუ არა ბავშვის მიმართ ამის გამკეთებელი, არ ვიცი, სავარაუდოდ, იქნებოდა. ჩემს მიმართ, ყოველ შემთხვევაში, სასწაულები აქვს გაკეთებული”, – უთხრა ჟურნალისტებს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის მთავარმა ფიგურანტმა, ნიკა გოგუაძემ.
შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო, მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღნიშნულის შემდეგ, „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.