ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ესაა სისტემის მიერ ჩადენილი მკვლელობა” – ნიკა გვარამია

ლუკას ტრაგედიიდან მთავარი დასკვნა ისაა, რომ სისტემა მოძლადე და მკვლელია და აუცილებელია მისი ფორმალური დეკონსტრუქცია და საკადრო შინაარსის შეცვლა – ასე ეხმაურება ნიკა გვარამია 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საკითხს.

“15 წლის ლუკა სირაძის ტრაგედიის პოლიტიკური სტერილიზაცია არის აბსურდული მოთხოვნა, უკეთეს შემთხვევაში, და მკვლელი სისტემის მსახურება, უარეს შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, სისტემის წისქვილზე ასხამს წყალს.

ლუკას ტრაგედიიდან მთავარი დასკვნა ისაა, რომ სისტემა მოძლადე და მკვლელია და აუცილებელია მისი ფორმალური დეკონსტრუქცია და საკადრო შინაარსის შეცვლა. ეს ლეგიტიმური და მკაფიოდ პოლიტიკური მიზნებია და როგორ შეიძლება მისი მიღწევა აპოლიტიკურ-ფილოსოფიურ-ვიშვიშა დისკურსით, გაურკვეველია.

ეს არაა მოზარდის თვითმკვლელობის იზოლირებული შემთხვევა, ძვირფასო კვალიფიციურო თუ “კვალიფიციურო” ექსპერტ-სპეციალისტებო. გამოდით ქრესტომატიებიდან და, გაიდლაინების კითხვა-ტირაჟირების გარდა, კიდევ რამეს თუ დაუთმობთ დროს, მიხვდებით, რომ ესაა სისტემის მიერ ჩადენილი მკვლელობა – როგორც ზოგადად ძალადობრივი, გაუნათლებელი და ღარიბი, სუიციდალური გარემოს შექმნის, ასევე, კონკრეტულ შემთხვევაში, სუიციდამდე მიყვანის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრიობის თვლასაზრისით, ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის ძალადობის არალეგიტიმური გამოყენების გამო.

რაც შეეხება ჰეშთეგს #ამცხოვრებისდედა, არაფრის არც მოწოდებაა, არც შეფასება. უმძიმესი სისტემური დანაშაულის ამსახველი ციტატაა, რომლითაც ეს ტრაგედია შევა ქვეყნის ისტორიაში. მეხსიერებიდან კი არ უნდა ამოვშალოთ, პირიქით, ყველგან უნდა ვწეროთ და სისტემის წინააღმდეგ სამართლიანი ბრაზი გავაღვივოთ, იმის მუდმივი შეხსენებით, რომ სისტემა კლავს და იგი უნდა დაინგრეს” – წერს “მთავარი” არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....